ლაშხო
posted by : mia (lashxos shemoqmedeba)
მაკომბო
ზოგჯერ რა უცნაურად იცის სიტყვამ მოწოლა, სიტყვამ, ბოღმასავით ყელში მომდგარმა. სიტყვამ, რომელიც წარსული დღეების მოგონებამ მოიტანა.მოყვება და არ გასვენებს, არც დღე და არც ღამე. მეც მოვკიდებ ხოლმე ფურცელს ხელს და ვუყვები მას ათას ცოდვას თუ მადლს. ყველაფერს რაც მინახავს ფხიზელი თუ ლოთიანი დღეების და ღამეების განმავლობაში.ვუყვები მხოლოდ იმიტომ რომ ის საუკეთესო მსმენელია, კარგად აღზრდილი მსმენელი. ნუ დაელოდებით ჩემგან კაზმულ სიტყვას და ნურც იმ ბილწსიტყვაობას, რომლითაც სავსეა დღეს ჩვენი მწერლობა საუბედუროდ. არც იმის მოყოლა მინდა თუ როგორ მიათრევენ ბარათაშვილის მერანს გალაქტიონის ცის სილაჟვარდეში, უბრალოდ, როგორც მამა იტყოდა, ჩავდებ თესლს ხრიოკ მიწაში, ამოვა ლერწამი და მისგან ვინმე ეული მწყემსი სალამურს გააკეთებს. დაამღერებს და მის ნამღერს შორს წაიღებენ ბეღურები, ჩემი საყვარელი ფრინველები, ფრინველები, რომლებიც ყველაზე მეტად მაგონებენ ჩემ თავს და ჩემნაირებს… იქნებ მათი ხმა კიდევაც მივიდეს ვინმესთან, ჩაძვრეს შიშველი სულის სიბნელეში და გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გაიგებს ჩემ ტკივილს, ტკივილს ,რომელმაც ფურცლის დონკიხოტად მაქცია
როდესაც ეს ამბავი დაიწყო,ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის, ისე დავივიწყე. სასაცილოა… ადამიანების რწმენა ექვსი წლიდან დავკარგე და მათი ტკივილი მათთვის საჭირო და გარდაუვალი სასჯელი მეგონა, ამიტომაც ვმარხავდი ყველა განცდას, როგორც ჩემსას, ისე სხვისას ერთად სინანულის გარეშე ჩემს გულში. მოკლედ ერთი დიდი აზრთა სასაფლაო ვიყავი… მერე? მერე მივხვდი, რომ მეც ადამიანი ვიყავი და დაიწყეს მკვდარმა აზრებმა გაცოცხლება… დაცარიელდა ჩემი მუხათგვერდი. ეს ისტორია კი მოსვენებას არ მაძლევს მხოლოდ თავისი ადამიანურობის გამო… ნეტავ კი არ მომხდარიყო…
ელო ერთი უბრალო გოგონა იყო, მრავალი იმათთაგანი, ვინც სილამაზემ დაღუპა და მოტაცებულის სახელი დაარქვა. მოტაცებულის სახელი იმ კაცისგან და ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში, ქალაქში სადაც შეიძლება ერთი ფირფიტა როგორც ჭირის ისე ლხინის სუფრაზე დაუკრან… მაკომბო ქართულად… პირველად რომ ვნახე, ძლიერ მოვიხიბლე მისი ღიმილით,შიგ ჩაქსოვილი ქართული სირმით და დამაფრთხო მისმა ისტორიამ, ისტორიამ ,რომელიც იმ დროისთვის ათას ბირჟას იყო გამომცდარი. ქართველების ამბავი კი ხომ იცით, თითო ისტორიას თითო სალაყბოზე თითო სიტყვა ემატება. დამიფრთხო ანგელოზები, თუ კი მყავდა საერთოდ. ვიცოდი რომ გავუგებდი, მაგრამ შორს დავიჭირე თავი. მაშინ ადამიანებზე მეტად ჩემნაირები მძულდა. ხალხი, რომელიც სამყაროს სტუმრის თვალით აკვირდებოდა და მათგან შორს იყო ყოველგვარი ადამიანური გრძნობა. ეს იყო ხალხი, რომელიც უარყოფდა ადამიანობას მათი ადამიანურობის გამო. ვთვლიდი, რომ ყველას თავისი ჯვარი ქონდა საზიდი და თავისი გოლგოთა ასავლელი. არავის ქონდა უფლება ჩარეულიყო სვის ცხოვრებაში. დრო მიდიოდა,როგორც არაბთა ქარავანი და ჩემდაუნებურად ვიგებდი მის შესახებ მოარულ ამბებს…პატარა ქალაქი იყო მაკომბო…იდიოტური ჩვევა მქონდა, უფრო სწორედ ეხლაც მაქვს, როგორც კი გაზაფხულის წვიმა მოვიდოდა, მოვძებნიდი ბებიის შავ, გაფხორილ ქოლგას და მარტო ვსეირნობდი დაცარიელებულ ქუჩებში, რა თქმა უნდა სიგარეტით ხელში. ვათვალიერებდი, როგორც ბავშვი სათამაშოების მაღაზიას,ბავშმა, რომელმაც იცის, რომ მაინც არაფერს უყიდიან… ხარბი თვალებით. წყვილები მოჰფენოდა ქალაქს გაზაფხულის იებივით, მხოლოდ მე მივდიოდი მარტო, როგორც ყოველთვის.ნეტავ რატომ მეგონა მთელი ცხოვრება მარტოობა ძლიერ ადამიანთა ხვედრი იყო… არ მესმის. ხო… ვნახე ელო… ისევ იღიმოდა, ოღონდ ეს მარტოსული ქალის ღიმილი არ იყო, ეს იყო ღიმილი, რომელსაც მხოლოდ მეორე შანსი აძლევს ადამიანს ცხოვრებაში. ვიცნობდი მის მეწყვილეს. მივესალმე და გავუყევი კვლავ ქუჩას. ისინიც წავიდნენ…რა სასაცილოა აწმყოში ცხოვრება, როცა იცი მომავალში რა მოხდება… მაგრამ ის სხვისი ჯვარი იყო და მე არ მქონდა უფლება ჩავრეულიყავი. მას ატყუებდნენ. ეს იყო მოტაცებულის ბედი მაკომბოში. ცხოვრება მიდიოდა, დღეები წლებივით, წლები დღეებივით. მიდიოდა მშობელთან უსასრულობაში. მეც მივყვებოდი ცხოვრების დინებას, მაგრამ ერთ დილას, ხის ძირას რომ გავიღვიძე უგონოდ მთვრალმა, მივხვდი მყლაპავდა ქალაქი და წამოვედი. წამოვედი უკანმოუხედავად, ყოველგვარი გეგმების და მიზნების გარეშე. ერთი ბილეთით და ერთი ღერი სიგარეტით. ელო უკვე მასთან იყო. ატყუებდნენ და თავსაც იტყუებდა. ეგაა ადამიანის მინუსი. ლამაზი სიცრუის ფანატიკურად სჯერა ხალხს. მაშინ ვიგრძენი პირველად გულში წვა, მაგრამ იმ დროს არ ვიცოდი რა იყო ეს ტკივილი და ყურადღებაც არ მიმიქცევია. მერე მივხვდი, სინანული ყოფილა, გრძნობა, რომელიც სიკვდილის მერეც არ განებებს თავს და ვაი იმას ვის სიინანულს სინდისიც დაემატება,სინდისი მადლი, სინდისი სასჯელი… დედაქალაქში ჩასულმა ხელი მოვკიდე სხვის ცხოვრებას, ვატყუებდი სხვას და ვიტყუებდი თავს. მოვირგე სახეზე ადამიანის ნიღაბი და ვცხოვრობდი ადამიანურად, ამ სიტყვის სრული მწარე სიცხადით. მალე ღიმილიც ვისწავლე, შემდეგ კი უდარდელი სიცილიც. ის დღე ცამეტ რიცხვს დაემთხვა. კარგად მახსოვს, მეც ხომ ცამეტიანი ვარ. უგონოდ მთვრალს მეგობარმა დამირეკა და აქეთ- იქით მოკითხვის შემდეგ სხვათაშორის მითხრა, თითქოს ფეხბურთის ანგარიში, ვითომც არაფერი, რომ ელო აღარ იყო. გადაყოლოდა კვლავ მოტყუებული ქალის დარდს. ყველა ადამიანი იტანს პირველ შეცდომას, პირველ ტკივილს და იმედგაცრუებას, მაგრამ მეორე ჯერის გადატანა მხოლოდ არაადამიანებს შეუძლიათ. ადამიანი ხომ ისეთი სუსტია. გაქრა უკვალოდ სიმთვრალე და თვალწინ ჩაიარა ყველა მოგონებამ. მიჩვეული ვიყავი გრძნობების მოთოკვას, განცდა სადაც დაიბადებოდა იქვე უნდა მომკვდარიყო. წამოვედი… იმ დღესაც გაზაფხულის წვიმა იყო. მთელი ღამე ვიარე ქალაქის ძალად გაწელილ ქუჩებში. ვიარე, სანამ შემეძლო, შემდეგ კი დავიძინე. ძილი კლავს შიმშილს და ტკივილს. ძილი რომ არა, კაცობრიობა კვლავაც გამოქვაბულსი იცხოვრებდა. იმ დღიდან დაიწყო ჩემმა აზრებმა გაცოცხლება და ყველა ტკივილი ერთად წამოვიდა. ისევ დამავიწყდა სარკეში ნასწავლი ღიმილი. დამესიზმრა ელო… ჩემს გაყინულ მაკომბოში ისევ გაფხორილი ქოლგით მივდიოდი გაზაფხულის წვიმის თანხლებიტ. მივდიოდი ერთი ღერი სიგარეტით და წინ გაჭიმული უსასრულო ლოდინით სავსე ღამით… შემომხვდა წინ, თითქოს წვიმას მოყოლოდა ჩაძირულ ქალაქში და გამიღიმა… გამიღიმა ქართული სირმაჩაქსოვილი ღიმილით და საყვედურით მომანათა ჩემი სულივით შავი თვალები. გამიღიმა და წავიდა ისევე, როგორც ერთ დროს ჩემი ოცნებები, შემდეგ კი ჩემი ბავშვობა. მე კი ვიდექი შუა ქუჩაში, ვტიროდი ან უბრალოდ წვიმდა ჩემს სახეზე. მე ხომ წლებია არ მიტირია, არადა როდესაც ადამიანი ტირის, მისი სული ყველაზე ახლოსაა სხეულთან. ვტიროდი მაკომბოში, სიზმარი კი არ მთავრდებოდა. ვიდექი უსასრულოდ დიდხანს და წვიმდა უსასრულოდისევე, როგორც ერთ დროს მარკესის ქალაქში. წვიმდა… რომ გავიღვიძე ციებიანივით ვკანკალებდი. ეს იყო ტკივილი… ტკივილი, რომრლსაც მხოლოდ შენს მიერვე აწყობილი ცხოვრების, პრინციპების ნგრევა იწვევს, ტკივილი, რომელიც შიგნიდან ტეხს ციხეს… მის შემდეგ მეშინია ძილის, მეშინია რომ ისევ არ შემხვდეს ელო იმ დაკარგულ ქალაქში და არ მომთხოვოს პასუხი იმისთვის, რომ გამიჯნული ვიყავი ადამიანური ცხოვრებისგან, რომ არ მინდოდა ადამიანობა და ხელი ვკარი ჩემ თავსაც და სხვასაც, რომ მე შემეძლო და არ დავეხმარე… ელო, ეს მონანიებაა. ელო, მე შენთან უნდა ვყოფილიყავი…ჩავარდა თესლი, სადღაც ნიადაგში…მიდი, ლერწამო, ამოდი, გაიხარე! სადა ხარ, მწყემსო?! მიდი, გააკეთე სალამური და დააკვნესე ჩემი სატკივარი. მოდით, ბეღურებო,მოდეთ ეს სიმღერა ქვეყანას და იქნებ კიდევაც გაიგოს ვინმემ ჩემი მარტივი სიტყვა…სიტყვა ქარაგმების, სიტყვა აღკაზმულობის გარეშე, უბრალოდ სიტყვა…

o oo ;(((((((((((((